დღიური

5 გზა თქვენი პირველი ბინისათვის თანხის მოსაგროვებლად

ადამიანი დაბადებიდან ცდილობს თავის გარშემო მაქსიმლაური კომფორტი შეიქმნან. ეს რათქმაუნდა სულაც არ არის გასაკვირი. საკითხავია რა გვიქმნის კომფორტს? ამაზე ბევრი აზრი შეგვიძლია მოვისმინოთ. თუმცა, დარწმუნებული ვარ ბევრი დამეთანხმება, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცხოვრებისეული კომფორტი, საკუთარი მყუდრო ბინის ქონაა.

არიან ადამიანები, რომლებიც ამჯობინებენ ცხოვრება მშობლების სახლში გაატარონ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გვერდით ყოფნა სასურველი, სასიამოვნო და მარტივია, არამედ იმიტომაც, რომ საერთოდ არ აქვთ მოთხოვნილება დამოუკიდებლად გააგრძელონ არსებობა საკუთარ სახლში.

ამის საპირწონედ არსებობს ადამიანთა ისეთი კატეგორია, რომელიც პირიქით, უპირატესობას დამოუკიდებლად, საკუთარი შეხედულებისამებრ ცხოვრებას ანიჭებს, და ეს სწორედ ის ნაწილია ჩვენი საზოგადოების, რომელიც ადრეულ ასაკშივე იწყებს ზრუნვას იმისათვის, რომ შეიქმნას საკუთარი მყუდრო კუთხე.

სურვილი შეიძლება დიდი იყოს, თუმცა დამეთანხმებით, რომ ბინის შეძენა არც ისე ადვილია მისი ღირებულებიდან გამომდინარე. შესაძლებელია ერთეულებს ქონდეთ ისეთი შემოსავალი, რომ უპრობლემოდ შეძლონ ნებისმიერ სასურველ დროს უძრავი ქონების შეძენა, მაგრამ ასეთ ადამიანდა რიცხვი არც თუ ისე დიდია. მაშინ როგორ უნდა მოვიქცეთ თუ საკუთარი ბინა გვინდა, შესაბამისი ფინანსური რესურსები კი არ გვაქვს? ძალიან ბევრი გზა შეიძლება არსებობდეს თანხის მოსაგროვებლად, თუმცა ამჯერად ხუთ ძირითადზე გავამახვილოთ ყურადღება.

იმისათვის, რომ ჩვენი პირველი საკუთარი ბინის შესაძენად საკმარისი თანხა მოვაგროვოთ, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ადრეული ასაკიდანვე დავიწყოთ თანხის მოგროვება საბანკო ანაბრის სახით. მართალია ამ გზით შესაძლოა სწრაფად ვერ მივაღწიოთ სასურველ შედეგს, თუმცა, დაცული ვიქნებით იმისგან, რომ ეს თანხა რაიმე სიტუაციის გამო არ დაგვეხარჯოს. საქართველოში არსებული არც თუ ისე შორეული წარსულის გათვალისწინებით, ჯერ კიდევ დიდია მოსახლეობის უნდობლობა მსგავსი ტიპის შეგროვებადი ანაბრების მიმართ, თუმცა განვითარებასა და სტაბილურობასთან ერთად ეს ტენდენცია სულ უფრო კლებულობს. ამ გზით თანხის დაგროვების პლუსად ისიც შეიძლება ჩაითვალოს, რომ გარდა თქვენ მიერ ანგარიშზე შეტანილი თანხისა, ყოველწლიურად დაგერიცხებათ ანაბრით სარგებლობის პროცენტი.

მეორე გზა თანხის შესაგროვებლად შესაძლოა იყოს ჩვეულებრივი მიმდინარე საბანკო ანგარიშიც, რომელზეც შეგეძლებათ თანხის მოგროვება დანაზოგის სახით. თუმცა ამ შემთხვევაში რისკი იმის, რომ უკვე დაგროვებული თანხა დაგეხარჯოთ საკმაოდ დიდია. ეს თანხა ხომ ნებისმიერ დროს არის თქვენთვის ხელმისაწვდომი.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც თანხის შეგროვების კიდევ ერთ საინტერესო მეთოდს იყენებენ. სასურველი ნივთისა თუ ქონების შესაძენად საჭირო თანხას ისინი წლების განმავლობაში, ძვირფასი ლითონების შეძენით აგროვებენ. მაგალითად, ყიდულობენ ოქროს ნაკეთობებსა და ნივთებს, სამკაულს ძვირფასი ქვებით ან მხოლოდ ქვებს და ასე შემდეგ. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი დაგროვებულ ქონებას ნაღდ ფულად აქცევენ და საშუალება აქვთ გაცილებით დიდი მასშტაბის ნივთი ან ქონება შეიძინონ.

თუ თქვენ კარგი მრჩეველი გყავთ ფინანსურ ბირჟაზე ვაჭრობის სფეროში, მორიგ ალტერნატიულ გზად თანხის შეგროვებისათვის, შეგიძლიათ ფასიანი ქაღალდები და ბირჟაზე ვაჭრობა გამოიყენოთ. დღეისათვის სულ უფრო მატულობს ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანების რაოდენობა. მსოფლიო ეკონომიკური ევოლუცია, სხვადასხვა კომპანიების ზრდა და სიმრავლე საერთასორისო ბაზარზე, ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ ადამიანს აძლებს იმის საშუალებას, რომ გაზარდოს არსებული კაპიტალი. თუმცა, აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ თუ ამ გზით აპირებთ წასვლას, თქვენ ან თავად უნდა ერკვეოდეთ ძალიან კარგად ამ სფეროში, ან გყავდეთ ისეთი მრჩეველი და წარმოამადგენელი ბირჟებზე, რომელიც გაზრდის თქვენ არსებულ კაპიტალს და არ გამოიწვევს უკუშედეგს თქვენი გაკოტრების სახით. ბირჟაზე ვაჭრობისას არასასურველი შედეგის მიღების რისკი რათქმაუნდა დიდია და ეს ყოველთვის გასათვალისწინებელია.

თქვენი ბინის შესაძენად კიდევ არის ერთი გზა. თუ თქვენ რამე კაპიტალს უკვე ფლობთ, შეგიძლიათ ეს თანხა რაიმე სახის ბიზნესში დააბანდოთ ან თავად დაიწყოთ სამეწარმეო საქმიანობა.

ეს არის ის რამოდენიმე გზა, რომელიც შეგიძლიათ ალტერნატივის სახით გამოიყენოთ თუ მყარად გაქვთ გადაწყვეტილი თქვენი, საკუთარი ბინის შეძენა და არ გსურთ ამაში არავის დახმარება. შესაძლოა კიდევ ბევრი სხვა გზაც მოიძებნოს სასურველი მიზნის მისაღწევად, თუმცა ამ ეტაპზე ეს არის გამოსავალი ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებული შემოსავალი სწრაფი შედეგის მიღების საშუალებას არ იძლევა.