დღიური

ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიები

როდესაც ადამიანები ზრდასრულ ასაკს აღწევენ და დგება პროფესიის არჩევისა და შესაბამისი განათლების მიღების პერიოდი, უმეტესობა ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მსოფლიოსა და კონკრეტულად მის ქვეყანაში არსებულ ტენდენციას დასაქმების მიმართულებით. ეს გულისხმობს ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიის შერჩევას. ყველა ყოველთვის არ იქცევა ასე, თუმცა უმეტესობისთვის განათლების მიმართულების არჩევისას ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

შევეცდებით მოკლედ მიმოვიხილოდ ის მიმდინარე ტენდენციები რაც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებსა და საქართველოშია დღეისათვის, შემდეგ კი არჩევანი თქვენთვის მოგვინდია.

ყოველწლიურად წამყვანი საინფორმაციო და კვლევითი კომპანიები აქვეყნებენ რეიტინგებს კონკრეტული პერიოდისათვის ყველაზე მოთხოვნადი და ანაზრაურებადი პროფესიების შესახებ. თუ „ბიზნეს ინსაიდერის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, დღეისათვის ყველაზე მოთხოვნადი ტექნოლოგიური და ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებული სამუშაო ადგილებია.

მსოფლიოში მიმდინარე სწრაფ ტექნოლოგიურ ევოლუციას თუ გავითვალისწინებთ, ეს ინფორმაცია ლოგიკურიც არის. თითქმის ყველა სფერო ელექტრონულ მართვასა და საქმისწარმოებაზე გადადის, ან დიდი ხანია გადავიდა უკვე, წამყვანი დარგები მაქსიმალურად იყენებენ ტექნოლოგიების თანამედროვე მიღწევებს და შესაბამისად დასაქმების ბაზარზეც ყველაზე მოთხოვნადი სწორედ ამ მიმართულებით მომუშავე სპეციალისტები არიან. თუ ზემოთხსენებულ გამოცემას დავეყრდნობით, კომპიუტერული სისტემების მენეჯერის საშუალო საათობრივი ანაზღაურება 61,37 ამერიკული დოლარის ტოლია. რაც შეეხება ამ სფეროში დასაქმებულთა რიცხვს, ის ბოლო 5 წლის განმავლობაში ათი ათასობით არის გაზრდილი და ეს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევის შედეგია.

მარკეტინგის მენეჯერებიც ცდილობენ არ ჩამორჩენ მოწინავე პოზიციას და ფეხდაფეხ მიყვებიან მას 61,12 დოლარის საათობრივი ანაზრაურებით. ამ სფეროში დასაქმებულთა რიცხვის ზრდაც საკმაოდ შთამბეჭდავია. მართალია ის თითქმის ორჯერ ნაკლებია წინამორბედზე, თუმცა თუ წინა წლებში მარკეტინგის სფეროში დასაქმებულთა რიცხვს მიმდინარე პერიოდში დასაქმებულებს შევადარებთ, მივხვდებით, რომ მარკეტინგის მენეჯერის პოზიცია დამსახურებულად იკავებს რეიტინგში მეორე ადგილს.

კიდევ ერთი პროფესია, რომელიც სულ უფრო იმყარებს პოზიციებს, და რომლის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია არსებობა, გახლავთ ფარმაცევტი. დამეთანხმებით, კვალიფიციურ ფარმაცევტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არათუ მხოლოდ ჩვენი ჯანმრთელობისთვის, არამედ სიცოცხლისთვისაც კი. უკანასკნელი წლების მანძილზე ფარმაციაში დასაქმებულთა რიცხვის ზრდა საკმაოდ დიდია და მათმა საათობრივმა ანაზღაურებამ 58,15 ამერიკული დოლარი შეადგინა.

რათქმაუნდა ეს არ არის სიის დასასრული და მოწინავე პოზიციებზე არიან ისეთი პროფესიებიც, როგორიც ფინანსური მენეჯერი, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერი, თერაპევტები და ინჟინრები არიან.

მსოფლიო ტენდენციები თავისთავად ძალიან საინტერესოა, თუმცა ცუდი არ იქნება თუ საქართველოში არსებულ მდგომარეობასაც გადავავლებთ თვალს.

თუ სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ოფიციალურ ინფორმაციას დავეყრდნობით, საქართველოში ყველაზე მაღალი ანაზღაურება საფინანსო სფეროში დასაქმებულ პირებს აქვთ. როგორც არსებული ინფორმაციის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების ანაზღაურება რამოდენი ათასი ლარის ტოლია. ეს უმეტესწილად მოიცავს საბანკო სფეროში დასაქმებულ პირებს.

თუმცა, არაოფიციალური მონაცემებით, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველშიც ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიებად კომპიუტერული სისტემების მენეჯერები, პროგრამისტები და ამ მიმართულებით მომუშავე სხვადასხვა კატეგორიის პირები არიან. მათი ანაზღაურება, ზოგ შემთხვევაში, ათეულ ათასსაც კი აღწევს თვეში.

ალბათ უნდა აღინიშნოს განმასხვავებელი ფაქტორიც. ზოგიერთი პროფესია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში საკმაოდ წარმატებულ და მაღალანაზღაურებადად ითვლება, საქართველოში არც თუ ისე დაფასებული და პოპულარულია. მათ რიცხვს განეკუთვნება ისეთი პროფესიები, როგორიცაა მაგალითად: სამრეწველო ორგანიზაციული ფსიქოლოგია და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. ამის მიზეზი ძირითადად სამეცნიერო საქმიანობის არც თუ ისე დიდი პოპულარობაა.

რაც შეეხებათ მარკეტინგის მენეჯერებს, საქართველოს შემთხვევაში ამ სფეროში დასაქმებულთა ანაზღაურება შეიძლება საშუალოზე ოდნავ მეტად ჩაითვალოს. ისევე, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერების შემთხვევაში, რომელთა შემოსავალი 1500 ლარიდან ზემოთ მერყეობს თვეში.

კიდევ ერთი პროფესია, რომელიც ქართულ რეალობაში საკმაოდ მაღალანაზღაურებადია არქიტექტურა და საინჟინრო საქმიანობაა. ალბათ ეს გასაკვირი არც არის ქვეყანაშნი მიმდინარე მრავალრიცხოვანი მშენებლობების გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში დასაქმებულთა ანაზღაურება ევროპისა და ამერიკის მსგავს სფერიებში მომუშავეთა ანაზღაურებასთან შედარებით საკმაოდ მცირეა, საქართველოში არსებული დასაქმების ბაზრის შესაბამისად ის მაინც თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ მაღალანაზღაურებად პროფესიად.