დღიური

უნდა მისცენ თუ არა მშობლებმა ფული ბავშვს კარგი ნიშნის მიღებისთვის?

ბავშვის აღზრდა საკმაოდ საპასუხსიმგებლო და საყურადღებო საქმიანობაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება ძალიან კარგად ვიცნობდეთ ჩვენ შვილებს, მაინც ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო მათში საჭირო ქცევებისა და უნარების გამომუშავებისათვის.

მსოფლიოში მრავალი წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება თუ ინდივიდუალური ფსიქოლოგი მუშაობს ბავშვთა აღზრდის სხვადასხვა ტიპის მიდგომებზე და შესაბამისად ძალზე დიდი ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ფორმით. თუმცა, როგორც წესი, ხშირად მშობლებისთვის დრო სრულებით არ არის საკმარისი ყველა სახის ლიტერატურის გაცნობის ან სასურველი ინფორმაციის ძიებისთვის. ამის გათვალისწინებით, ჩვენ შევეცდებით მოკლედ მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთ საინტერესო თემაზე, როგორიც ბავშვის მატერიალური წახალისებაა კარგი ნიშნის მიღებისათვის.

რამდენად მიზანშეწონილია ასეთი მიდგომა? ხომ არ არის უმჯობესი გამოვიყენოთ რაიმე სხვა მექანიზმი ან ფორმა წახალისებისთვის? ხელს ხომ არ შევუშლით ბავშვის სწორ განვითარებას? ეს კითხვები ბევრისთვის ძალზე ნაცნობი იქნება.

თუ ჩვენ ვსჯით ჩვენ შვილებს არასწორი საქციელისთვის, შესაბამისად ასეთივე წარმატებით აუცილებელიც კი არის რომ წავახალისოთ მათი დადებითი საქციელი. ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ თუ გვსურს ვმართოთ ბავშვის ქცევები, დასჯა ერთადერთი გამოსავალი არ არის და მის საპირწონედ წახალისების გამოყენება პირადპირი გზაა იმისთვის, რომ მივუთითოთ მას როგორ უნდა მოიქცეს მომავალში. ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რამდენად მიზანშეწონილია ფულადი წახალისება? უარყოფითად ხომ არ იმოქმედებს ეს ნაცვლად დადებითი შედეგისა? შეძლებს ბავშვი სწორად გაიაზროს წახალისების ეს ფორმა?

თუ დავეყრდნობით არაერთ კვლევასა და ნაშრომს ბავშვის ქცევების წამახალისებელი ჯილდოების შესახებ, აი ასეთ ინფორმაციას მივიღებთ:

  • სოციალური ტიპის წახალისებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ – შექება, ღიმილი, განსაკუთრებული ყურადღება;
  • ქცევითი ტიპის წახალისებისთვის – სხვადასხვა თამაშები, აქტივობებში ჩართვა, გასეირნება ერთად, ანიმაციური და გასართობი ფილმების ყურება ოჯახის წევრებთან ერთად;
  • კვებითი ტიპის – მისთვის საყვარელი კერძის მომზადება ან ტკბილეულით გამასპინძლება;
  • და ბოლოს, სიმბოლური ტიპისთვის – ფულადი წახალისება, სპეციალურ დაფაზე სხვადასხვა ნიშნების, პოზიტიური ფიგურების, ღიმილებისა და სხვა მსგავსის დატანა და ასე შემდეგ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ ჩვენ ბავშვს სკოლაში მიღებული კარგი ნიშნისათვის მატერიალური სახით წავახალისებთ, ეს სულაც არ იქნება არასწორი გზა. პირიქით, ამ ფორმით ჩვენ შევძლებთ სტიმულირება გავუწიოთ მისგან მსგავსი ქმედების განმეორებითობას. თვითონ ფაქტიც მხოლოდ დადებით ემოციებს აღძრავს, რაც პოზიტიურად აისახება ბავშვის პიროვნულ განვითარებაზე.

როდესაც წახალისების მეთოდს მივმართავთ, აუცილებელია არ დაგვავიწყდეს ერთი დეტალი, რომ ჩვენი წამახალისებელი ქმედება, აუცილებლად უნდა მოსდევდეს ბავშვის მიერ ჩადენილ ქცევას. ჩვენ შემთხვევაში ეს იქნება მაღალი ნიშანის მიღება სკოლაში. ასეთი ურთიერთკავშირი საშუალებას მისცემს ბავშვს გაავლოს პარალელი ამ ორ მოვლენას შორის და სამომავლოდ გაიაზროს მსგავსი ქმედებიდან მიღებული პოზიტიური ემოცია და შედეგი.
მატერიალურ წახალისებას, გარდა ზემოთხსენებული პლუსებისა, კიდევ რამოდენიმე დადებითი თვისება გააჩნია. ერთ-ერთი მათგანი ბავშვის მიერ გაწეული შრომის დაფასებაა. ჩვენ მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად ის ხვდება, რომ საკუთარი შრომით, მონდომებითა და შედეგად მიღებული დადებითი შეფასებით, შეუძლია გამოიმუშაოს საკუთარი ჯიბის ფული. ამ ფაქტის გაანალიზების საფუძველზე ის შეეცდება კიდევ უფრო მეტი მონდომებით იშრომოს, რომ მომდევნო დღეებში, კიდევ შეძლოს თანხის გამომუშავება. ასევე, ის ნელ-ნელა ეჩვევა საკუთარი შრომით გამომუშავებულ ფულთან მოპყრობას და ახდენს ნებისმიერი სხვა ადამიანის მიერ გაწეული შრომის სწორად შეფასებასა და დაფასებას. ის აუცილებლად გაიაზრებს, რომ შრომის გარეშე პოზიტიური შეფასების მიღება შეუძლებელია.

გარდა იმისა, რომ ბავშვი ასეთი წახალისების შედეგად სწორად ვითარდება და მისი მოტივაციაც მაღალია, ამასთანავე ის შეიძლება საუკეთესო მაგალითი და სტიმული გახდეს მის გარშემო მყოფი სხვა ბავშვებისთვისაც ისევე, როგორც დანარჩენი მშბლებისთვის თქვენი მიდგომა შვილის წარმატებული და დადებითი საქციელის წახალისების მიმართ.
გაითვალისწინეთ, რომ მთავარი წამახალისებელი თანხის ოდენობა კი არა, თავად მეთოდია, რომელიც მრავალგზის აპრობირებული და პოზიტიურად შეფასებულია.