დღიური

საქართველოს უმდიდრესი ადამიანები

მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესს ყოველთვის იწვევდა მსოფლიოში და ზოგადად მათ ქვეყანაში მცხოვრები ან ეთნიკურად იმავე წარმომავლობის მქონე ისეთი ადამიანების შესახებ ინფორმაცია, რომლებმაც შეძლეს თავისი საქმიანობით საკმაოდ დიდი ქონების დაგროვება და დღეს მსოფლიოს ან კონკრეტული ქვეყნის უმდიდრეს ადამიანთა შორის მოიხსენიებენ.

საქართველოც არ არის გამონაკლისი ამ მხრივ. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, იმ პირთა რიცხვი რომელთა ქონებაც ათეულ მილიონს ცდება სულ უფრო მატულობს. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებმაც მილიონებთან ურთიერთობას მილიარდები ამჯობინეს უკვე. მართალია ასეთი ადამიანების რიცხვი ერთ ათეულს არ აღემატება, თუმცა ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, დამეთანხმებით ეს არც თუ ისე პატარა ციფრია.

ამ ადამიანების უმეტეს ნაწილს ქონება საქართველოსფარგლებს გარეთ აქვთ მოპოვებული სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური საქმიანობით და წლიდან წლამდე რათქმაუნდა ცდილობენ სულ უფრო მეტად გაზარდონ თავიანთი კაპიტალი.

შეუძლებელია ყველა მათგანზე ინფორმაციის მოწოდება, ეს საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს თითოეული ჩვენგანისგან, მაგრამ ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, თქვენ ყურადღებას პირველ რიგში რამოდენიმე უმდიდრეს ქართველზე შევაჩერებთ და შევეცდებით მოკლედ მოგაწოდოთ ინფორმაცია მათი პიროვნებისა და საქმიანობის შესახებ.

ყველაზე მდიდარი ქართველების სიას ბიზნესმენი, მეცენატი და პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი ლიდერობს. მისი ქონება 8 მილიარდი დოლარია. ის 1956 წელს დაიბადა საქართველოში, საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში მემაღაროეს ოჯახში. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე გააგრძელა. 1982 წელს კი დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. ყავს მეუღლე და 4 შვილი.
მოგვიანებით ივანიშვილმა საკუთარი ბიზნეს საქმიანობა დაიწყო კომპიუტერებით ვაჭრობის მიმართულებით და საკმაოდ სოლიდური კაპიტალი დააგროვა, რის გამოც მისით ქართული პროკურატურა დაინტერესდა. 1988 წელს მან გადაწყვიტა საქართველო დაეტოვებინა, თავისი ბიზნესი მოსკოვში გაეგრძელებინა და წლების განმავლობაში წარმატებული ბიზნეს საქმიანობის შედეგად დღეისათვის არსებული კაპიტალი დააგროვა. მისი აქტივების, საქველმოქმედო და სხვა ტიპის საქმიანობის სია საკმაოდ ვრცელია.

2011 წლიდან ბიძინა ივანიშვილი აქტიურად ჩაება პოლიტიკურ საქმიანობაში საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნით და 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. შედეგად, 2012-2013 წლებში მას საქართველოს პერმიერ-მინისტრის პოსტიც ჰქონდა დაკავებული, თუმცა შემდგომ პოლიტიკისგან ჩამოშორება გადაწყვიტა და პოსტი დატოვა.

მეორე ნომრად ტარიელ ვასაძეა განთესილი. მისი ქონების საერთო რაოდენობა 5 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. ის 1947 წლის 15 ოქტომბერს დაიბადა საქართველოში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა უკრაინაში, კიევის საავტომობილო-საგზაო ინსტიტუტში, ხოლო შემდგომი ბიზნეს საქმიანობაც უკრაინაში გააგრძელა. მწვერვალის მიღწევამდე საკმაო გზა გაიარა, ავტომობილების სარემონტოში მლესავად მუშაობიდან დაწყებული – 1983 წელს „ავტოტექმომსახურების“ ხელმძღვანელობით დამთავრებული. შემდეგ კი სულ ზემოთ განაგრძო კიბეზე სვლა. ტარიელი ათეული წლის განმავლობაში იკავებდა უკრაინის საავტომობილო კორპორაციის პრეზიდენტის პოსტს.

როგორც ხშირად ხდება, ტარიელ ვასაძემაც საბოლოოდ პოლიტიკაში გადაწყვიტა ძალების მოსინჯვა და 2012 წლის ნომბერში უკრაინის რადის დეპუტატად მოგვევლინა. პოლიტიკაში წასვლის შემდეგ მისი საქმიანობა თითქმის მთლიანად შვილებმა გადაიბარეს, რომლებიც წარმატებით უძღვებიან ოჯახურ ბიზნესს.

ყველაზე მდიდარი ქართველების სამეულს კი ნიკოლოზ გოგიტიძე აგვირგვინებს 4 მილიარდ დოლარად შეფასებული ქონებით. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ადამიანების მიმართ ინტერესი ყოველთვის დიდია, ნიკოლოზ გოგიტიძის პიროვნების შესახებ ინფორმაციის მოძიება შეიძლება ითქვას შეუძლებელიც კი აღმოჩნდა.

სიის მეოთხე ნომერი თემურ სეფიაშვილია. იგი ტამირ საფირის სახელითაც არის ცნობილი და საქართველოდან ემიგრირებული ებრაელია. მისი ქონება 3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტადაა შეფასებული. დღეისათვის ის მანჰეტენზე 2.5 მილიონ კვ/მ უძრავი ქონების მფლობელია. იგი თბილისში დაიბადა საბჭოთა შეიარაღებული ძალების მაიორის ოჯახში. სკოლის შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გააგრძელა, თუმცა მეოთხე კურსზე იყო, როდესაც სწავლის მიტოვება და ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წასვლა მოუწია. 1973 წელს ის ოჯახთან ერთად ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად სადაც დაუღალავი შრომითა და მონდომებით შეძლო მიეღწია იმ მწვერვალისათვის, რომელზეც დღეს იმყოფება.