დღიური

როგორ შევქმნათ პირადი ბიუჯეტი

პერსონალური ან საოჯახო ბიუჯეტი არის თვალისათვის მარტივად დასანახი მეთოდი იმისათვის რომ დავაჯგუფოთ ჩვენი პირადი ან საოჯახო შემოსავლები და დანახარჯები ერთ ადგილას, ყველაზე ხშირად ერთი თვის ან კვარტლის (3 თვის) განმავლობაში. სიტყვა ბიუჯეტმა წლების განმავლობაში სხვადასხვანაირი მნიშვნელობა შეიძინა და ზოგისთვის მოცემული მომენტისთვის არსებულ თანხას ნიშნავს და ზოგი კი თვლის რომ რაღაც ლიმიტის სახე აქვს სიტყვა ბიუჯეტს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბიუჯეტის მნიშვნელობა და მისი ფუნქცია საკმაოდ დადებითად შეგვიძლია გამოვიყენოთ და გავაიგივოთ ფინანსური სახსრების ეფექტურ გამოყენებასთან.პერსონალური ან საოჯახო ბიუჯეტი გაჩვენებთ იმას თუ დაახლოებით რა რაოდენობის თანხა დაგეხარჯებათ სამომავლოდ წინასწარ განსაზღვრულ საჭიროებებში, დაგეხმარებათ თვალყური ადევნოთ თქვენს შემოსავლებს და გააანალიზოთ თქვენი ფასეულობები. ბიუჯეტირება გასწავლით ფულის მნიშვნელობასა და მასთან სწორად მოპყრობას. მათთვის, ვინც უცნობია ამ კონცეფციასთან, დავიწყოთ უპირველესი ნაბიჯით, რაც არის უბრალოდ მონდომება და იმის გადაწყვეტა რომ გინდა შექმნა პირადი ბიუჯეტი.

გადაწყვიტე რომ გინდა შექმნა პერსონალური ბიუჯეტი

რადგანაც ამ სტატიას კითხულობთ, საკმაოდ დიდი შანსია რომ უკვე მიიღეთ გადაწყვეტილება პირადი ბიუჯეტის შექმნის შესახებ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პირველი ნაბიჯი ყველაზე რთულია და საჭიროებს დიდ მონდომებას.

განსაზღვრე რა რაოდენობის თანხა გაქვს

თუ კი გაგაჩნიათ საშემნახველო ანგარიშები, დაგროვებითი ან საბავშვო ანგარიშები, საპენსიო ფონდი, სადაზღვევო ფონდი ან სხვა რაიმე მეორადი საბანკო ანგარიში, აუცილებლად უნდა განსაზღვროთ რა თანხა გაქვთ თითოეულ მათგანზე, რა პერიოდულობით და რა რაოდენობის თანხა ემატება ამ ანგარიშებს და როგორი სტრუქტურა აქვთ მათ დანახარჯებს. ეს ყველაფერი საჭიროებს როგორც ფურცელზე ისე ელექტრონულ სისტემაში შენახვას, რადგანაც სამომავლოდ ეს ინფორმაცია გადამწყვეტი შეიძლება იყოს საკუთარი თავის ღირებულების შეფასებისთვის.

განსაზღვრე რა რაოდენობის თანხას გამოიმუშავებ

მათთვის ვინც სტაბილურად მუშაობს ერთ სამსახურში და ყოველ თვიურად იღებს წინასწარ განსაზღვრულ ფიქსირებულ ფულად ანაზღაურებას ეს ნაბიჯი სულაც არ არის რთული. თუმცა დღევანდელ რეალობაში, სამწუხაროდ ბევრ ჩვენგანს უწევს მეორადი სამსახურის აღება, სხვა საშემოსავლო წყაროს შოვნა და ა.შ. ბევრიც კი საათობრივად მუშაობს, დამატებითი შემოსავლები გააჩნია, სახელმწიფო პენსიას იღებს ან სხვა რაიმე საგრანტო ან სოციალურ დახმარებას. მათთვის ვინც საათობრივად მუშაობს და შესაძლოა არასტაბილური რაოდენობის თანხას იღებდეს ყოველთვე, ეს ცოტა რთული ნაბიჯია, თუმცა ამ ნაბიჯის მთავარი აზრი ისაა რომ გამოვავლინოთ საშუალოდ თვეში რა რაოდენობის თანხას გამოვიმუშავებთ. აუცილებელია ამ ზღვარის დაწესება, რათა ვიცოდეთ ჩვენი საშუალო, მინიმუმი და მაქსიმუმი. ერთ-ერთი გამარტივებული ხერხი მათთვის ვინც არასტაბილურ შემოსავალს იღებს არის ასეთი რამ – უნდა განისაზღვროს ფინანსური შემოსავალი უკანასკნელი 6-დან 12 თვემდე ვადით და გამოანგარიშებული იქნას ამ პერიოდში მიღებული შემოსავლის საშუალო არითმეტიკული. მათთვის კი ვისაც სურს მუდმივად კარგ შედეგს ხედავდეს, შეუძლია აირჩიოს თავის საწყისად (ანუ საშუალო შემოსავლის წერტილად) ყველაზე დაბალი ხელფასი რაც კი მიუღია ამ პერიოდის განმავლობაში, რათა ყოველთვის უკეთეს შედეგს ხედავდეს შემდეგ თვეებში.

განსაზღვრე რამდენი ვალდებულება გაქვს

მას შემდეგ რაც განვიხილეთ შემოსავლები, აუცილებელია მივხედოთ ფინანსურ ვალდებულებებს. შენი ყოველთვიური ვალდებულებების განსაზღვრა აუცილებელი ნაბიჯია პერსონალური ბიუჯეტის შედგენაში. ზოგიერთ ადამიანს აქვს პრობლემა და ძალიან არის დამოკიდებული თავის საკრედიტო ბარათზე ან სამომხმარებლო სესხებზე. საფინანსო პროდუქტების შედარება არც თუ ისე რთულია, გადაწყვეტილების მიღებაში კი ბევრი წყარო გვეხმარება, შესაბამისად დიდი ხელშეწყობაა ფინანსური ვალდებულების დადებაზე, თუმცა მათი გამკლავებაც უნდა ვიცოდეთ. მათთვის, ვინც ვერაფრით შეძლო დაერღვია ასეთი დამოკიდებულება საკრედიტო ბარათებზე, ეს ნაბიჯი სასარგებლო და დიდად დამხმარე იქნება. იმისათვის რომ გამოიანგარიშოთ თქვენი ყოველ თვიური ვალი, აუცილებელია რომ განსაზღვროთ მთლიანი ვალდებულებები რაც გაგაჩნიათ მინიმალურ თვიურ შემოსავალთან მიმართებაში. ამ ყველაფერში შედის ავტო სესხი, იპოთეკური სესხი, საკრედიტო ბარათის დავალიანებები, სტუდენტური სესხი, სწრაფი ან ონლაინ სესხი და სხვა ნებისმიერი ფინანსური ვალდებულება რაც კი გაგაჩნიათ.

ყოველთვის დატოვე ადგილი გაუთვალისწინებელი შემთვევებისთვის

პერსონალური ბიუჯეტის შედგენა აუცილებლად გულისხმობს გაუთვალისწინებელი შემთხვევების დაგეგმვას, ე.წ პირადი მცირე ზომის სადაზღვევო ფონდის შექმნას. მათთვის ვისაც მაღალი სტაბილური შემოსავალი გააჩნია, სადაზღვევო კომპანიების მომსახურება საკმაოდ ჩვეულებრივი ამბავია. სადაზღვევო აგენტი ეხმარება კლიენტს შეადაროს სადაზღვევო პროდუქტები ერთმანეთს და დახმარებას უწევს გადაწყვეტილების მიღებაში, ისინი ერთად იწყებენ რაიმე ნივთის (ასევე სიცოცხლის ან არამატერიალური ფასეულობის) დაცვას, ყოველვთვიურად კლიენტის ხელფასიდან გარკვეული თანხის მოჭრით. თუმცა მათთვის, ვისაც ასეთი მომსახურება ფუფუნებად მიაჩნია და ვერ შეძლებს თავისი შემოსავლით ყოველთვიურად ასეთი მომსახურებისთვის ფულის გადახდას, არსებობს სხვა ვარიანტიც. არსებობს ასეთი გაგება სადაზღვევო სფეროში “საკუთარი სადაზღვევო ფონდი”. ასეთ ფონდს ქმნის ძალიან ბევრი დიდი კომპანია, კორპორაცია და ჩვენს შემთხვევაში უბრალოდ ფიზიკური პირებიც კი. საკმაოდ ჭკვიანურია წინდახედულობა და წინასწარ განუსაზღვრავი შემთხვევისთვის შემზადება თუნდაც მინიმალური სახსრებით. ეს ყველაფერი გულისხმობს გარკვეული ოდენობის თანხის გადადებას ყოველთვიური ხელფასიდან, რომელიც თქვენსავე ჯიბეში შეინახება და სრულად განკარგავთ თქვენ. გექნებათ გარანტია იმისა რომ მინიმალური ხელშეწყობა გექნებათ გაუთვალისწინებელი შემთხვევისას და არ გექნებათ იმის შიში რომ თუ კი ასეთი შემთხვევა არასოდეს გადაგხდებათ თავს, ესე იგი ფული ტყუილად დაგიხარჯავთ.

შეადარე ერთმანეთს სხვადასხვა სახის ფინანსური პროდუქტი

პირადი ბიუჯეტის დაგეგმვის ერთ-ერთი ნაბიჯი იყო ვალდებულებების განსაზღვრა და საკმაოდ კარგი რჩევაა ფინანსური ვალდებულებების მინიმუმამდე დაყვანა. სამწუხაროდ, ყოველთვის ისე არ ხდება როგორც დაგეგმილი აქვს ადამიანს და შესაბამისად საჭირო ხდება სასესხო პროდუქტების შედარება და მათგან რომელიმეს არჩევა. სასესხო პროდუქტების შედარებაში იგულისხმება სხვადასხვა საფინანსო მომსახურების (პროდუქტების) შესახებ ინფორმაციის მოძიება, მათი შედარება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. ამ ნაბიჯის აუცილებლობა იმაში მდგომარეობს რომ არ უნდა უგულებელვყოთ მე-4 ნაბიჯი და მაქსიმალურად შევამციროთ სასესხო ვალდებულებები. გამომდინარე იქიდან რომ ზოგიერთი ჩვენგანისთვის სესხის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია, ამ ნაბიჯის გათვალისწინებაც საჭიროა და შესაბამისა სიფრთხილე მართებს ნებისმიერ ჩვენგანს ასეთ საკითხთან მიმართებაში. ზუსტად ამ მიზნისთვის არსებობს უამრავი წყარო რომელიც გვეხმარება მოვიძიოთ ინფორმაცია სხვადასხვა საფინანსო მომსახურებაზე, შევადაროთ პროდუქტები ერთმანეთს და მივიღოთ გადაწყვეტილება.

განსაზღვრე ყოველთვიური დანახარჯები

და აი მივედით ჩვენს მიერ გაწეულ ხარჯებამდეც. ჩვენი საბოლოო ფულადი ნაშთი და ის თავისუფალი ფინანსური სახსრები რაც ჩვენ ბოლოში გვრჩება არის ჩვენი ყოველთვიური შემოსავლისა და დანახარჯების სხვაობა. ეს არის თავისუფალი ფული, წმინდა ნაშთი, რისი გამოყენებაც არა აუცილებლობისამებრ შეგვიძლია.ბევრისათვის ეს ნაბიჯი საკმაოდ რთული იქნება, გამომდინარე იქიდან რომ ფიზიკურად შეუძლებელია ყოველი ხარჯის ყოველ წამს გაკონტროლება და ჩაწერა. თუმცა, დღევანდელი ტექნოლოგია და დამატებითი სერვისები კომერციული ბანკებისგან ცვლის ამ სიტუაციას. საბანკო სერვისები მოიცავს კლიენტების მხარჯველობითი თვისებების სტატისტიკური მონაცემების შენახვასა და ანალიზს, ხარჯების დაჯგუფებას და სამომავლო პროგნოზების გაკეთებას. ასეთი მომსახურების მიღება მაშინ არის შესაძლებელი თუ კი ყოველი ხარჯი გაწეული იქნება საკრედიტო ან სადებიტო ბარათის მეშვეობით. მათ კი, ვინც არ სარგებლობს ასეთი მომსახურებით, ვეტყვი რომ დროა დაიწყონ ჩეკების შეგროვება, საგადასახადო ფურცლებისა და კომუნალური გადასახადების ჩეკების შენახვა და კატეგორიებად დახარისხება. კატეგორიები თქვენი სურვილისამებრ იქნება შერჩეული და შესაძლოა იყოს სპეციფიკური ან ფართოდ განზოგადებული.

შეიყვანეთ ინფორმაცია ბაზაში

გარდა ფიზიკური ფურცლებისა და იმ პერსონალური რვეულის ან წიგნაკისა რომელშიც შეიძლება წერდეთ ამ ინფორმაციას, ძალიან სასარგებლო იქნებოდა იქონიოთ ელექტროული ვერსია და იქ შეინახოთ ყველა ცვლილება თქვენი პერსონალური ბიუჯეტის შესახებ.

გადახედეთ თქვენს მიერ შექმნილ პირად ბიუჯეტს თავიდან ბოლომდე

გადახედე იმას რაც დაწერე, შეხედე შენს შემოსავალს, დანახარჯებს, მათ შორის სხვაობას. დააკვირდი შენს სასესხო ვალდებულებებს და იმას თუ რამდენს ხარჯავ ყოველთვიურად ამაში. გააანალიზე რამდენ თანხას დებ გვერდით იმისათვის რომ სამომავლოდ შეაგროვო. ეს ციფრები გეხმარება განსაზღვრო ბევრს ხარჯავ თუ ნაკლებს ხარჯავ. ამ ანალიზმა შესაძლოა გამოავლინოს შენი ზედმეტი მხარჯველობითი თვისებები და მიგითითოს გარკვეული ცვლილებებისკენ, დროა გამოზომო ფული, დროა სხვა ფასეულობებები დააწესო. ან სულაც, შესაძლოა გაჩვენოს ისეთი შედეგი რომ აღმოჩნდეს თურმე თვის ბოლოს დამატებითი სახსრებიც კი შემოგრჩება ხოლმე, არა თუ ზედმეტი ხარჯები.

გაიმეორე ყველაფერი თავიდან შემდეგ თვეს

პირადი ბიუჯეტის შედგენა ძალიან სასარგებლო საქმეა, თუმცა შრომატევადი. ფინანსები ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და არ არის ხელწამოსაკრავი საქმე, შესაბამისად დროის დათმობაც არ იქნებოდა ურიგო ამ სფეროსთვის.ამიტომ, შემდეგ თვეს, ასევე დაიწყე ბიუჯეტის შექმნა, ხარჯების გაკონტროლება და შეადარე წინა თვის შედეგებს მიმდინარე თვის მონაცემები.