დღიური

როგორ შევარჩიოთ საუკეთესო საკრედიტო შემოთავაზება

როდესაც ჩვენ ცხოვრებაში დამატებითი ფინანსების მოძიების საჭიროება დგება, ხშირად სხვადასხვა ტიპის კრედიტს მივმართავთ. არ აქვს მნიშვნელობა ეს სწრაფი სესხი იქნებ, გრძელვადიანი, იპოთეკური თუ ნებისმიერი სხვა, მთავარია სწორად შევარჩიოთ კონკრეტულ სიტუაციაში რომელი იქნება ყველაზე მისაღები ჩვენთვის.

გასაგებია, რომ სწორად შერჩევა აუცილებელია, თუმცა როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? როგორ განვსაზღვროთ რა ტიპის კრედიტი იქნება ყველაზე მისაღები ჩვენთვის?

არ დაგეზაროთ გამოიყენოთ ინტერნეტში არსებული რესურსები და თვალი გადაავლოთ სხვადასხვა ფინანსური დაწესებულებების შემოთავაზებებს. ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ საბანკო ინსტიტუტებით, ბაზარზე მრავალი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელთა მიერ შემოთავაზებული პროდუქტი, შეიძლება გაცილებით უფრო ხელსაყრელი და მისაღები იყოს თქვენთვის კონკრეტულ სიტუაციაში.

პირველ რიგში ზუსტად განსაზღვრეთ რა პერიოდით და რა ოდენობით თანხა გესაჭიროებათ. ასევე, თქვენი შემოსავალი და ხარჯი, შეძლებთ თუ არა ვალდებულებით აღებული თანხის დროულად დაბრუნებას. ამის შემდეგ, კი შეგიძლიათ შეარჩიოთ სად აიროთ კრედიტი.

თუ თქვენ მოკლევადიანი კრედიტი გჭირდებათ, მაგალითად ერთი თვით, უეცრად წარმოქმნილი გაუთვალისწინებელი გარემოების გამო, საუკეთესო არჩევანი შეიძლება სწრაფი ონლაინ სესხი იყოს. ასეთი ტიპის სესხის გამცემი კომპანიების უმეტესობა პირველ სესხს სრულიად უპროცენტოდ თავაზობენ მომხმარებელს, თუმცა ამ შემთხვევაში სესხის ლიმიტია გასათვალისწინებელი. პირველადი კრედიტის თანხა უმეტეს შემთხვევაში 300-დან 500 ლარამდე მერყეობს მხოლოდ. მაგრამ, თუ თქვენ უკვე ხართ ამ კომპანიის მომხმარებელი, შეიძლება გაცილებით დიდი თანხის მიღებაც შეძლოთ. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ამ ტიპის კრედიტი მხოლოდ მოკლევადიანი მიზნებისთვის შეიძლება იყოს გათვალისწინებული, რადგან თუ ხანგრძლივი ვადით აპირებთ სესხის აღებას, მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი საკმაოდ დიდია.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ კრედიტი შედარებით ხანგრძლივი დროით გესაჭიროებათ, საუკეთესო გამოსავალი შესაძლოა რომელიმე ბანკის სამომხმარებლო კრედიტი იყოს. საქართველოში მოქმედი ბანკები სამომხმარებლო სესხების არც თუ ისე მწირ არჩევანს გთავაზობენ. თქვენ საშუალება გაქვთ შეარჩიოთ თქვენთვის ხელსაყრელი ვარიანტი. ეს შეიძლება იყოს სახელფასო კრედიტი, რომელიც იმ მომხმარებლებზე გაიცემა, რომელიც კონკრეტული ბანკის სახელფასო პროგრამაში ჩართული კლიენტები არიან. ასეთ შემთხვევაში შესაძლებლობა გეძლევათ თქვენი ხელფასის გარკვეული ოდენობით სესხი ყოველგვარი გარანტიისა და თავდებობის გარეშე მიიღოთ.

რათქმაუნდა ბანკები ჩვეულებრივ არაუზრუნველყოფილ სესხსაც გასცემენ, თუმცა ამ შემთხვევაში თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ რამოდენიმე მთავარ მოთხოვნას: გქონდეთ დადებითი საკრედიტო ისტორია და საკმარისი შემოსავალი სესხის მისაღებად. შემოსავლის ოდენობა კი სესხის სიდიდეზეა დამოკიდებული. რაც უფრო მეტი თანხა გჭირდებათ, მით უფრო მეტ შემოსავალს მოითხოვენ თქვენგან ბანკები.

მიუხედავად იმისა, რომ შეგიძლიათ არაუზრუნველყოფილი კრედიტით სარგებლობა, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები ამჯობინებენ უზრუნველყოფილ სესხს. ეს გულისხმობს სესხის უზრუნველყოფას უძრავ-მოძრავი ქონებით. ბუნებრივია გაგიჩნდეთ კითხვა, რატომ უნდა ანიჭებდეს გარკვეული კატეგორია ასეთი ტიპის სესხს უპირატესობას? პასუხი შეიძლება იყოს სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი. თუ არაუზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში წლიური საპროცენტო განაკვეთი მაგალითისთვის 14 და მეტი პროცენტია, უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში ის შესაძლოა 5-და მეტი პროცენტით ნაკლებიც კი იყოს. იმ შემთხვევაში თუ თქვენ გრძელვადიანი კრედიტით სარგებლობა გაქვთ გადაწყვეტილი, დამერწმუნებით, რომ პროცენტული სხვაობა საკმაოდ დიდი შეიძლება იყოს და შესაბამისად თანხაც, რომელიც უნდა დააბრუნოთ.

რათქმაუნდა უზრუნველყოფილი სესხის აღებასაც აქვს მინუსი და ეს რისკია. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ რაიმე მიზეზის გამო ვეღარ შეძლებთ კრედიტის დაფარვას, რისკი იმის, რომ დაკარგოთ უზრუნველყოფისთვის გამოყენებული ნივთი ან ქონება საკმაოდ დიდია. ამიტომ, მომხმარებელთა უმეტესობა უპირატესობას შედარებით ძვირ სესხს ანიჭებს, თუმცა უზრუნველყოფის გარეშე.

უნდა აღვნოშოთ კრედიტის კიდევ ერთი სახეობა, რომელსაც საკრედიტო ბარათები წარმოადგენენ. საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს ამ ტიპის საბანკო მომსახურებას, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მცირე კრედიტებში ყველაზე მოქნილი და მოხერხებული საშუალებაა. თქვენ მხოლოდ ერთხელ უნდა მიმართოთ ბანკს საკრედიტო ლიმიტის დასამტკიცებლად, რომელიც საკრედიტო ბარათზე გაგიაქტიურდებათ და ფაქტობრივად ნებისმიერ დროს თქვენ გექნებათ საშუალება ისარგებლოთ აღნიშნული თანხით როდესაც ამის საჭიროება გექნებათ. უმეტეს წილად ამ ტიპის კრედიტის გამოყენება რაიმე ნივთის განვადებით შესაძენად ან უბრალოდ სავაჭრო ობიექტებში თანხის გადასახდელად იქნება უფრო გამართლებული.