დღიური

როგორ ვასწავლოთ შვილებს ფულის ყადრი

როდესაც ოჯახში ბავშვი ჩნდება, მშობლები პირველივე დღიდან ცდილობენ განავითარონ ის და დაეხმარონ პიროვნებად ჩამოყალიბებაში. გასაკვირი არ არის, რომ ყველა ცდილობს მის შვილს გარდა განათლებისა, ქონდეს ცხოვრებაში გამოსადეგი სხვადასხვა უნარები.

წლების მატებასთან ერთად მშობლები სხვადასხვა ცხოვრებისეულ ღირებულებებს ასწავლიან შვილებს. ერთ-ერთ ასეთ უნარად შეიძლება ჩაითვალოს მათთვის ფულის ყადრის სწავლება. ბევრი თვლის, რომ ბავშვისთვის ეს გაუგებარი და რთული პროცესია, თუმცა თუ სწორად მივუდგებით და ჩვენი ქმედებები იქნება შესაბამისი, საუკეთესო შედეგი შეიძლება მივიღოთ.

რათქმაუნდა უდაოა, რომ ბავშვები ვერ შეძლებენ დამოუკიდებლად გაიაზრონ ფინანსებთან დაკავშირებული ქმედებები და მშობლისთვისაც არ იქნება ადვილი, თუმცა შეუძლებელი არაფერია.

ბევრი მშობელი, ძირითადად იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი შვილი ყავს, ცდილობს გაათამამოს ის, უსრულებს ნებისმიერ სურვილს იქნება ეს მატერიალური თუ არამატერიალური და არ ფიქრობს ამ ქმედების დადებით ან უარყოფით მხარეზე. შედეგად, ხშირად ვღებულობთ ბავშვთა ისეთ კატეგორიას, რომელთათვისაც მატერიალური დანახარჯი არაფერს წარმოადგენს, მისთვის მთავარი სურვილების ასრულებაა. როგორც წესი, ამ ტიპის ბავშვები ზრდასრულ ასაკშიც ინარჩუნებენ ასეთ თვისებებს და შესაძლოა ეს მათთვის არც თუ ისე სახარბიელო შედეგის მომტანი გახდეს.

როგორ მოვიქცეთ ისე, რომ შევძლოთ ჩვენ შვილებს ჩამოვუყალიბოთ შესაბამისი უნარები ფულთ მიმართებით? რათქმაუნდა ამისათვის ძალიან ბევრი მეთოდი და ხერხი იქნება, რომელსაც ფსიქოლოგები შემოგვთავაზებდნენ, თუმცა ამჯერად განვიხილოთ ის, რაც ყოვედღიური ცხოვრებისეული პრაქტიკიტან შეიძლება ნათლად დავინახოთ სპეციალისტების დახმარების გარეშე.

პირველ რიგში, განვსაზღვროთ ასაკი. სკოლამდელი ასაკის ბავშვს სხვანაირი მიდგომა ჭირდება. ეს ის პერიოდია, როდესაც ისინი ეცნობიან სამყაროს და ყოვედღიურად ახალ-ახალ აღმოჩენებს აკეთებენ. შეიძლება ითქვას ეს ყველაზე სენსიტიური პერიოდია. ამ დროს მშობელს შეუძლია წაახალისოს ბავშვის დადებითი საქციელი. მაგალითად, თუ ჩვენმა შვილმა მის ოთახში მოაწყო აურზაური, სათამაშოები მიყრილ-მოყრილია ისე, რომ გავლაც კი არ შეიძლება, ვთხოვოთ მას მიალაგოს ეს ნივთები და მიუჩინოს შესაფერისი ადგილი. ამასთანავე, შეგვიძლია დავპირდეთ, რომ თუ ის თქვენ თხოვნას შეასრულებს, მისი საქციელი აუცილებლად დაჯილდოვდება მისთვის სასურველი ნივთით, რაც შეიძლება იყოს ტკბილეული ან სათამაშო. რათქმაუნდა ეს ყველაფერი შესაბამისი მცირე დოზებით უნდა მიაწოდოთ.

ამავე ასაკში შეგიძლიათ თქვენ შვილს შეუძინოთ ყულაბა, რომელშიც შესაძლებლობა ექნება შეაგროვოს ფული. აუხსენით მას, რომ ყველა მისი დადებითი ქმედების საპასუხოდ თქვენ მის ყულაბას შეავსებთ გარკვეული თანხით. შედეგად, როდესაც ის ყულაბის გავსებას შეძლებს, შესაძლებლობას მისცემთ სურვილისამებრ დახარჯოს გამომუშავებული ფული.

რაც შეეხება სკოლის ასაკს, აქ საქმე ცოტა განსხვავებულია. რათქმაუნდა საწყის ეტაპზე, დაბალ კლასებში, იმავე მეთოდების გამოყენებაც შეიძლება რასაც სკოლამდელი ასაკის პერიოდში იყენებდით, თუმცა აქ უკვე შეგიძლიათ უფრო გაამრავალფეროვნოთ მოთხოვნები. დაუწესეთ ჯილდო ყველა მიღებული მაღალი ნიშნისათვის, პედაგოგის მხრიდან შექებისათვის. ასაკის მატებასთან ერთად კი შეგიძლიათ წაახალისოთ მისი ქმედებები. მაგალითად, თუ ის წვეულებიდან დროულად დაბრუნდება შინ, დაგეხმარებათ საოჯახო საქმეებში და ასე შემდეგ.

მშობლის მხრიდან ასეთი საქციელით, ბავშვებს ნელ-ნელა უვითარდებათ იმის შეგრძნება, რომ იმისათვის რომ მიიღონ სასურველი შედეგი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მატერიალური სახით, მათ აუცილებლად მოუწევთ რაღაც მოქმედების განხორციელება. ისინი ხვდებიან, რომ ეს უნდა დაიმსახურონ და დაუმსახურებლად ვერაფერს მიიღებენ. შესაბამისად, როდესაც ბავშვი საკუთარი შრომის შედეგად ღებულობს ჯილდოს ფულის სახით, მისთვის დახარჯვა ისეთი მარტივი უკვე აღარ არის, იმ შემთხვევისგან განსხვავებით თუ ის ამას ყველანაირი ძალისხმევის გარეშე მიიღებდა. ის უკვე ფიქრობს, რაში იქნება უფრო მიზანშეწონილი დახარჯოს ეს ფული. უმეტეს შემთხვევაში, ამ გზით მოპოვებულ ფულს ბავშვები ნაკლებად ხარჯავენ. ისინი ინახავენ მას და უფრო მეტი მონდომებით ცდილობენ, რომ გაზარდონ თავისი შრომის შედეგად მიღებული კაპიტალი.

თუ თქვენი შვილები ადრეული ასაკიდანვე ეჩვევიან და ითავისებენ ამ ყველაფერს, და იციან, რომ უშრომლად და დაუმსახურებლად ისინი ვერაფერს მიიღებენ, ალბათობა იმის, რომ ისინი ზრდასრულ ასაკში შეძლებენ საკუთარი ფინანსების სწორ და ყაირათიან ხარჯვას, ძალიან დიდია. ამასთანავე ისინი ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო მეტად დააფასებენ მშობლების მიერ მათი განვითარებისთვის გაწეულ ნებისმიერ დანახარჯს.