დღიური

როგორ დავიცვათ თავი ონლაინ შოპინგისას

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სულ უფრო კომფორტული და ადვილი ხდება ნებისმიერი ტიპის მომსახურების მიღება დროის მინიმალური ხარჯით. თანამედროვე სამყარო საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად მოქნილები ვიყოთ დროსა და სივრცეში.

თუ, არც თუ ისე შორეულ წარსულში, წარმოუდგენლად მიგვაჩნდა სახლიდან ან სამსახურიდან გაუსვლელად რაიმე ნივთის ან მომსახურების შეძენა ჩვენთვის სასურველ დროს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, დღეს უკვე ინტერნეტ სამყარო ამის საშუალებას ყველა მომხმარებელს აძლევს. წარსულში რჩება ის დრო, როდესაც, მაგალითად, ფეხსაცმლის შესაძენად საჭირო იყო საათობით გევლოთ სხვადასხვა მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებში, დაგეკარგათ საკმაოდ დიდი დრო და ენერგია სასურველი ნივთის შეძენამდე და გარკვეულ შემთხვევებში ვერ მიგეღწიათ სასურველი შედეგისათვის. დღეს უკვე ამის გაკეთება ინტერნეტის საშუალებით ძალიან მარტივად არის შესაძელებელი.

თითქმის ყველა სავაჭრო ცენტრი თავის მომხმარებელს დისტანციურ მომსახურებას თავაზობს. ამასთანავე, ონლაინ სივრცეში ძალიან ბევრი ისეთი ვებ-გვერდია, რომელიც თავს უყრის წამყვანი თუ უბრალოდ მომხმარებელების მიერ მიწოდებულ ინფორმაციებს და ნებისმიერ მსურველს შეუძლია თავისუფალ დროს დაათვალიეროს საჭირო კატეგორია სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად, შეარჩიოს სასურველი ნივთი და ელექტრონულად შეიძინოს ის.

პირველ რიგში, ონლაინ სავაჭრო სისტემების მომრავლებას ხელი შეუწყო საბანკო და ზოგადად ფინანსურმა სექტორმა, რომელმაც მომხმარებელს შეთავაზა ელექტრონული გადახდის სისტემა.

აღნიშნული სისტემა საშუალება გვაძლევს დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით გადავიხადოთ ნივთის ან მომსახურების საფასური სადებეტო, საკრედიტო ბარათებისა თუ ონლაინ ვირტუალურად არსებული საფულის საშუალებით. ვირტუალური საფულის შევსება ისევეა საჭირო როგორც ნებისმიერი საკრედიო ბარათის, თუმცა ის არცერთ საბანკო დაწესებულებას არ განეკუთვნება და ამ ტიპის მომსახურება მხოლოდ იმისთვისაა შექმნილი, რომ მაქსიმალურად გაუმარტივოს მომხმარებელს ვაჭრობის პროცესი. ხომ შეიძლება კონკრეტულ მომენტში თქვენ თან არ გქოდეთ საფულე და პლასტიკური ბარათი.

ყველა ვისაც კი ერთხელ მაინც უსარგებლია ონლაინ გადახდის სისტემით დამეთანხმება, რომ ეს ყველაზე კომფორტული საშუალებაა. თუმცა, ინტერნეტ სივრცე გაჯერებულია სხვადასხვა ტიპის ვირუსული პროგრამებითა და ფაილებით, უამრავი „ჰაკერი“ ცდილობს მოიპოვოს მომხმარებელთა პირად ინფორმაცია და შესაბამისად ფინანსებზე წვდომა.

გაგონილი გექნებათ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინტერნეტ მაღაზიის მომხმარებელთა მონაცემების გატეხვის შესახებ ატეხილი აჟიოტაჟი რამოდენიმე წლის წინ, როდესაც ჰაკერებმა შეძლეს რეგისტრირებული პიროვნებების საბანკო რეკვიზიტებზე დაშვების მიღება და საკმაო ფინანსური ზარალი მიაყენეს მათ. ასეთი ფაქტების გახშირების შედეგად საბანკო სექტორი მაქსიმალურად გააქტიურდა მომხმარებელთა უფლებებისა და ანგარიშების დასაცავად და პლასტიკური ბარათების მომსახურებას დაემატა სპეციალური დამცავი, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელებას. დარწმუნებული ვარ თქვენმა დიდმა ნაწილმა იცის აღნიშნული ფუნქციის შესახებ, თუმცა მათთვის ვინც ჯერ პირველ ნაბიჯებს დგამს ონლაინ ვაჭრობის სისტემაში უფრო დეტალურად განვმარტავთ როგორ შეიძლება დაიცვან თავი არასანქცირებული გადარიცხვებისგან.

ნებისმიერი საბანკო დაწესებულება, რომელიც გაცემს ელექტრონულ პლასტიკურ ბარათს, იქნება ეს სადებეტო თუ საკრედიტო, აუცილებლად შემოგთავაზებთ თქვენი ბარათის „3D“ დაცვით უზრუნველყოფას. როგორც წესი, აღნიშნული სერვისის გააქტიურება უფასოა, ისევე როგორც სარგებლობა ბარათის მოქმედების განმავლობაში. ამ ტიპის დაცვისას თქვენ VISA გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენი თანხმობის გარეშე ვერანაირი გადახდა ვერ შესრულდება კონკრეტული ბარათიდან და შესაბამისად ანგარიშიდან. თანხმობა კი გამოიხატება შემდეგში. სასურველი შენაძენის ან მომსახურების არჩევის, თანხის მითითებისა და ბარათის მონაცემების შეყვანის შემდეგ, პროგრამა აუცილებლად მოგთხოვთ გადახდის დადასტურებას თქვენ კუთვნილ ტელეფონზე მიღებული, ვერიფიკაციისთვის განკუთვნილი ციფრების შეყვანის საშუალებით. ტელეფონის ნომერს, რომეზეც შეგეძლებათ აღნიშნული კოდის მიღება, თქვენ ბანკში სერვისის გააქტიურებისას აწვდით ოპერატორს. შესაბამისად, თქვენ გარდა (თუ რათქმაუნდა საკუთარი სურვილით თქვენ არ გადაცემთ ტელეფონსა და ბარათის მონაცემებს სხვა პიროვნებას) ვერავინ შეძლებს თქვენი ბარათიდან ვერანაირი ფინანსური ოპერაციის შესრულებას.

გარდა ამისა, რჩევის სახით გეტყვით, რომ თუ თქვენ სხვადასხვა კომპიუტერს იყენებთ ინტერნეტ-შოპინგისთვის, სასურველია არასოდეს დაეთანხმოთ კომპიუტერის შემოთავაზებას თქვენი პირადი და საბანკო რეკვიზიტების შენახვის შესახებ იმ მიზნით, რომ სხვა დროს უფრო გაგიმარტივდეთ და სწრაფად შეძლოთ შეძენა. უმჯობესია რამოდენიმე წუთით მეტი დრო დახარჯოთ, ვიდრე დადგეთ ფინანსური დანაკარგის რისკის წინაშე.