დღიური

როგორ დავზოგოთ თანხა მოზარდებისათვის

ნებისმიერი მშობელი, პირველ რიგში, ფიქრობს და ზრუნავს შვილების უზრუნველყოფილ მომავალზე. ამაში უმეტესწილად განათლება მოიაზრება, რომელიც თუ დღევანდელ ტენდენციას გადავავლებთ თვალს, საკმაოდ დიდი ფუფუნებაა მისი ღირებულების გათვალისწინებით.

სამწუხაროდ, ყველა ოჯახს არ აქვს საშუალება შვილს გადაუხადოს სწავლის გადასახადი უმაღლეს სასწავლებელში, რადგან წლიური გადასახადი საქართველოში 2250 ლარიდან ზოგ შემთხვევაში ათეულ ათასამდეც კი აღწევს. მაშინ, რა უნდა გააკეთოს მშობელმა? როგორ უნდა მოიქცეს?

ამ რთული სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი შეიძლება იყოს შვილებისათვის მათი დაბადების დღიდან გარკვეული ფინანსური რეზერვის შექმნა. თუმცა, საინტერესოა როგორ დავაგროვოთ თანხა ისე, რომ თუ მაგალითად გაუთვალისწინებლად დაგვჭირდება დამატებითი ფინანსები ბავშვის სრულწლოვანებამდე, მისთვის განკუთვნილ თანხას არაფერი მოაკლდეს?

ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალი დაგროვების პროგრამებია, რომლებსაც საბანკო სექტორი თავაზობს მომხმარებელს. საქართველოს არც თუ ისე შორეული წარსულის გათვალისწინებით, შესაძლოა ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი იყოს სკეპტიკურად განწყობილი საბანკო დაგროვების პროგრამების მიმართ, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური და სოციალური განვითარების გათვალისწინებით, სულ უფრო მეტი ადამიანი უცხადებს ნდობას ბანკებს.

გთავაზობთ წამყვანი ქართული ბანკების მიერ შემოთავაზებულ დაგროვების პროგრამებს, რომლებიდანაც თავაც შეგიძლიათ გააკეთოთ სასურველი არჩევანი და ხელი შეუწყოთ თქვენი შვილების უზრუნველყოფილი მომავლის შექმნას.

რას გვთავაზობს საქართველოს ბანკი?

სხვადასხვა ტიპის ანაბარს შორის საქართველოს ბანკი გთავაზობთ ისარგებლოთ საბავშვო ანაბრით, რომელიც საშუალებას გაძლევთ თქვენი შვილის მომავალზე ზრუნვა სულ რაღაც 10 ლარიდან დაიწყოთ და წლების შემდეგ მნიშვნელოვანი დანაზოგი მიიღოთ. თქვენ საშუალება გექნებათ თანხა ანაბარზე ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მოცულობით დაამატოთ და არსებული ნაშთი ნებისმიერ ვალუტაში დააკონვერტიროთ. ამ ტიპის ანაბარს კიდევ ერთი პლუსი აქვს, თუ თქვენ საბავშვო ანაბრით სარგებლობის პერიოდში სხვა ტიპის სესხის აღებას გადაწყვეტთ, ბანკი შეღავათიანი პირობებით სარგებლობას გპირდებათ. ასეთი ანაბრით სარგებლობის ვადა მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 18 წელია. თქვენ თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ რა ასაკამდე გსურთ შეაგროვოთ თქვენი შვილისთვის თანხა. დღეისათვის აღნიშნულ ანაბარზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთი კი ასე გამოიყურება: ლარის შემთხვევაში – 8.5%, ნებისმიერი უცხოური ვალუტა – 4% და ევრო – 2.5%.

რათქმაუნდა, გარდა საბავშვო ბანკი სხვა ტიპის ანაბარსაც გთავაზობთ, ისეთებს, როგორიც არის: ვადიანი, შეგროვებადი, მაქსიმა და მოთხოვნამდე ანაბარი. თითოეული მათგანის ცალ-ცალკე გაცნობა, თქვენ საქართველოს ბანკის ვებ-გვერდზე შეგიძლიათ.
ანაბარი თიბისი ბანკში

წინამორბედის მსგავსად, თიბისი ბანკიც გთავაზობთ საბავშვო ანაბარს. თქვენ საშუალება გაქვთ დაგროვება ნებისმიერ ვალუტაში დაიწყოთ. ანაბრის გასახსნელად კი თქვენ არანაირი პირველადი შენატანის გაკეთება არ დაგჭირდებათ, ხოლო მომდევნო მინიმალური შენატანები შესაძლოა მხოლოდ 10 ერთეულს შეადგენდეს. არც რაიმე განსაკუთრებული გრაფიკი გექნებათ თანხის შესატანად. შეავსეთ ანგარიში ნებისმიერ დროს როცა ამის სურვილი და საშუალება გექნებათ. თიბისი ბანკის მიერ შემოთავაზებული საბავშვო ანაბრის წლიური საპროცენტო განაკვეთი კი ასე გამოიყურება: ლარი – 9%, აშშ დოლარი – 4%, ევრო – 2.5% და ფუნტი – 4%.

თიბისი ბანკის ანაბრების ჩამონათვალი, გარდა საბავშვო ანაბარისა, ასეთია: ვადიანი, ვადიანი+, „ჩემი მიზანი“, „ჩემი სეიფი“, ოქროს, სიდკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატი, საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატი და რათქმაუნდა შემნახველი ანაბარი.

როგორც საქართველოს ბანკის შემთხვევაში ახლაც, არჩევანი მომხმარებელმა უნდა გააკეთოს. თიბისი ბანკის ვებ-გვერდის საშუალებით შესაძლებელია დეტალურად და ამომწურავად მიიღოთ ინფორმაცია ყველა ჩამოთვლილი ანაბრის შესახებ და თუ თქვენთვის რომელიმე საბავშვო ანაბარზე გაცილებით მიმზიდველი და მომგებიანი აღმოჩნდება, სწორედ მასზე შეაჩეროთ არჩევანი.
ანაბარი ლიბერთი ბანკში

საქართველოში კიდევ ერთ წამყვან ბანკს სწორედ ლიბერთი ბანკი წარმოადგენს. რათქმაუნდა, სხვა ბანკების მსგავსად ისიც თავაზობს მომხმარებელს ანაბრების გარკვეულ კატეგორიას. თიბისი და საქართველოს ბანკებისგან განსხვავებით ის საბავშვო ანაბარს არ ითვალისწინებს, თუმცა საკმაოდ ფართო სპექტრი აქვს წარმოდგენილი ანაბრების მიმართულებით და დაინტერესებულ მშობელს თავისუფლად შეუძლია შეარჩიოს მისთვის მისაღები კატეგორია.

ლიბერთი ბანკის ანაბრების კატეგორიები ასე გამოიყურება: პატრიოტი, შემნახველი, მ7 – მშვიდი, ვადიანი, პოზიტივი, შევსებადი, სოციალური, მზრუნველი და სადეპოზიტო სერთიფიკატი.