დღიური

როგორ დავზოგოთ თანხა მოგზაურობისას

ყველა ადამიანი დამღლელი და ხანგრძლივი სამუშაო თვეების მერე, აუცილებლად ფიქრობს დასვენებაზე. ახალგაზრდების უმეტესობა, და არამხოლოდ ახალგაზრდები, სულ უფრო მეტად ანიჭებენ უპირატესობას საზღვარგარეთ დასვენებას. ამას რათქმაუნდა ხელს იაფი სამოგზაურო ტურებისა და ასევე იაფი თვითმფრინავის ბილეთების არსებობაც უწყობს ხელს. სამწუხაროდ, არც თუ ისე ბევრია იმ ადამიანთა კატეგორია, რომლებსაც შეუძლიათ თავის თავს ფუფუნებაში დასვენების უფლება მისცენ. უმეტესობა მწირი ბიუჯეტით მაქსიმალური სიამოვნების მიღებას ცდილობს სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობითა და კულტურული ღირშესანიშნაობების დათვალიერებით.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე შესაძლებელია მაქსიმალურად შეღავათიან ფასში შეიძინოთ ესა თუ ის სამოგზაურო ტური, შესაძლოა ხარჯი მაინც საკმაოდ გაიზარდოს როდესაც დანიშნულების ადგილზე ჩახვალთ. ამას ძრითადად ტურისტულ ადგილებში არსებული მაღალი ფასები განაპირობებს. არადა, თუ სრულყოფილად დასვენება გვინდა, მოგზაურობისას თავს უარს არაფერზე ვეუბნებით. საბოლოო ჯამში კი, დაბრუნებულები აღმოვაჩენთ, რომ იმაზე გაცილებით მეტი დაგვიხარჯავს, ვიდრე ველოდით.

როგორ მოვიქცეთ, რომ თავიდან ავიცილოთ ზემდეტი დანახარჯი, მაქსიმალურად დავზოგოთ მოგზაურობისას თანხა და დაბრუნებულები ფინანსური კრიზისის წინაშე არ აღმოვჩნდეთ?

პირველ რიგში, აუცილებელია, გამგზავრებამდე, სანამ გეგმავთ მოგზაურობას, სწორად შეარჩიოთ ადგილი სადაც დაისვენებთ. თქვენი მოთხოვნები აუცილებლად შესაბამისობაში უნდა იყოს თქვენ შესაძლებლობებთან. ამაში რათქმაუნდა ფინანსები იგულისხმება. გასაგებია, რომ სურვილები შეიძლება ხშირად აჭარბებდნენ ჩვენ მოთხოვნებს, თუმცა ალტერნატივა ყოველთვის არსებობს. ინტერნეტი საშუალებას გაძლევთ თვალი გადაავლოთ მრავალი სახის ინფორმაცია კონკრეტულ ადგილზე არსებული ფასების, მგზავრობის, კვებისა და სხვა ტიპის ფასებს. თუმცა, სხვა ვარიანტიც არსებობს, მას შემდეგ რაც თქვენ მიერ შერჩეულ ადგილზე ჩახვალთ მოიძიოთ ბროშურები, ბუკლეტები, ტურისტული საინფორმაციო ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციები სხვადასხვა შეღავათიანი სერვისების, ადგილებისა და სავაჭრო ობიექტების შესახებ. ასე თქვენ გაცილებით მეტ ფინანსებს დაზოგავთ, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუკი მაგალითად პირველივე შემხვედრ კვების ობიექტში შეხვალთ ისე, რომ არც კი მოძებნით ალტერნატიულ შეღავათიან ადგილს.

გარდა ამისა, თუ თქვენ კონკრეტული თანხა გაქვთ განსაზღვრული მოგზაურობისთვის და არ გინდათ ამაზე მეტი დახარჯოთ, სასურველია არ წაიღოთ თან სხვადასხვა ტიპის საკრედიტო ბარათები. ხშირია შემთხვევები, როდესაც რაიმე ნივთის ყიდვა სულაც არ გვაქვს დაგეგმილი, არც თანხა გვაქვს საკმარისი, თუმცა საფულეში საკრედიტო ბარათი ცდუნების საგანი ხდება და მაინც ვყიდულობთ ნივთს. ამ დროს უმჯობესია დავფიქრდეთ იმაზე, რომ ეს დამატებითი ფინანსური ვალდებულებაა და დაბრუნებულებს მისი დაფარვა მოგვიწევს. არადა, მსგავსი ხარჯი გათვალისწინებული სულაც არ გვქონია. ამიტომ არის უმჯობესი, თუკი ასეთი ტიპის ბარათებს აუცილებლად დავტოვებთ სახლში. შეიძლება ზოგ თქვენგანს გაუჩნდეს კითხვა, როგორ მოვიქცეთ თუ გაუთვალისწინებელ სიტუაციაში აღმოვჩნდებით და დამატებითი ფინანსები დაგვჭირდება, თუმცა გამოსავალი აქაც არის. თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ოჯახის წევრებს, ახლობლებს ან მეგობრებს და თხოვოთ გადმოგირიცხონ თანხა სიტუაციის მოსაგვარებლად.

თუ თქვენ სადებეტო ანგარიშზე იმაზე მეტი თანხა გაქვთ, ვიდრე გესაჭიროებათ, გირჩევთ არ დაიტოვოთ ის. თქვენ შეგიძლიათ გამოიტანოთ თანხა ანგარიშიდან და გადაიტანოთ ის ანაბარზე გარკვეული პერიოდით, ან მიაბაროთ შესანახად ოჯახის წევრებს, ან უბრალოდ დატოვოთ სახლში. რათქმაუნდა დაცულობის გათვალისწინებით, ბევრად უფრო უსაფრთხო ანაბრის სახით შენახვა იქნება. დაბრუნებულს კი შეგიძლიათ უპრობლემოდ, რამოდენიმე წუთში დახუროთ ანაბარი. სასურველია საბანკო ანგარიშზე დაიტოვოთ მხოლოდ ის თანხა და მცირედი დანამატი, რაც თქვენი გათვლით შეიძლება დაგჭირდეთ ამ მოგზაურობისას.

ზოგი ადამიანი ამჯობინებს ნაღდი ფულის სახით ფინანსების ქონას, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ასე შესაძლოა გაცილებით მეტი დანახარჯი გქონდეთ ისე, რომ ვერც კი შეამჩნიოთ როდის და სად დახარჯეთ. ამასთანავე, დიდი ოდენობით ნაღდი ფულის ჯიბით ან ჩანთით ტარებაც არ არის მიზანშეწონილი. ეს თქვენი უსაფრთხოებისთვის საკმაოდ სარისკოა. უმჯობესია ბალანსის დაცვა, იქონიეთ თან ის თანხა, რაც აუცილებლად იცით რომ დაგჭირდებათ ნაღდი ფულის სახით, ხოლო დანარჩენი კი იქონიეთ ბარათზე. ასე თქვენ არ შეგექმნებათ ზედმეტი პრობლემა და დანახარჯების გაკონტროლებაც გაცილებით მარტივი იქნება.