დღიური

როგორ გაიუმჯობესოთ საკრედიტო რეიტინგი

საკრედიტო რეიტინგი ძალზე მნიშვნელოვანია თუ თქვენ სესხი მიღება გსურთ. ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტი, მას შემდეგ, რაც მიირებს მომხმარებლის სესხის განაცხადს, პირველ რიგში ამოწმებს მის საკრედიტო რეიტინგს.

მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული პერიოდისათვის თქვენ შეიძლება გქონდეთ სტაბილური შემოსავალი და ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდეთ სესხის მისაღებად, არის შემთხვევები, როდესაც მაინც უარს ამბობენ ისნტიტუტები თქვენთვის სესხის გაცემაზე. ეს იმის ბრალია, რომ თქვენი საკრედიტო რეიტინგი საშუალოზე დაბალია და კრედიტორი ამჯობინებს თავიდან აიცილოს დანაკარგის რისკი უარის თქმით.

საკრედიტო რეიტინგს რამოდენიმე ფაქტორით ითვლიან. ძირითადად მას განაპირობებს თქვენ მიერ წარსულში აღებული ვალდებულების შესრულების ხარისხი, თქვენი საკრედიტო ისტორიის ხანგრძლივობა (რაც უფრო ხანგრძლივია ეს ისტორია, მით უფრო სანდო კლიენტი ხართ), შემოსავლის ოდენობა და პერიოდულობა და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა თქვენ წარსულში გქონდათ დარღვევა სესხის დაფარვისას, რისკების მართვის ჯგუფი ცდილობს ყურადღება მიაქციოს მთლიან საკრედიტო ისტორიას და მხოლოდ ცალკეული, გამონაკლისი შემთხვევების საფუძველზე არ მიიღოს გადაწყვეტილება.

ბუნებრივია გაჩნდეს კითხვა, როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი საკრედიტო რეიტინგი დაბალია, არ აკმაყოფილებს სესხის მისაღებად საჭირო სარეიტინგო მოთხოვნებს? შესაძლებელია თუ არა ამ რეიტინგის გამოსწორება და რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ ამისთვის?

რათქმაუნდა, თუ თქვენ რაიმე მიზეზით ვერ შეძელით ნაკისრი ვალდებულების სათანადოდ შესრულება და გაგიფუჭდათ საკრედიტო რეიტინგი, ეს სულც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ სამუდამოდ გითხრეს უარი ფინანსურმა ინსტიტუტებმა სესხის გაცემაზე. დარღვევის სირთულიდან გამომდინარე, შესაძლოა კრედიტორმა არ გითხრათ ახალ სესხზე უარი, თუმცა სანაცვლოდ შემოგთავაზოთ გაცილებით მაღალ პროცენტიანი სესხი, ვიდრე ჩეულებრივ სტანდარტულ პირობებშ გაცემს ხოლმე. მაგალითად, თუ სამომხმრებლო სესხი კონკრეტულ დაწესებულებაში გაიცემა 15-17%-ის ფარგლებში, თქვენ შესაძლოა შემოგთავაზონ სესხი 18 ან სულაც 20 პროცენტად. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ მიქცევიან ასე? პასუხი მარტივია, ამ გზით ფინანსური ინსტიტუტი ცდილობს გადაფაროს ის რისკი, რაც თქვენთვის სესხზე თანხმობას ახლავს თან. ვფიქრობ თქვენთვის ეს მომგებიანი სიტუაცია უნდა იყოს. თუ თქვენ ამ ტიპის სესხს დათანხმდებით, შესაბამისად შეასრულებთ ვალდებულებას ყოველგვარი დარღვევის გარეშე, საშუალება მოგეცემათ გამოასწოროთ და აწიოთ თქვენი საკრედიტო რეიტინგი.

გარდა იმისა, რომ ასეთ შედარებით მაღალპროცენტიან სესხს შეგიძლიათ დათანხმდეთ, არის კიდევ სხვა გზაც რეიტინგის გამოსასწორებლად. თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ გახსნათ ვადიანი, მოთხოვნამდე, შეგროვებადი ან რაიმე სხვა ტიპის ანაბარი. ასე თქვენ დააგროვებთ გარკვეულ კაპიტალს და ამასთანავე, შესაძლებლობა გეძლევათ ისარგებლოთ ბანკების მიერ შემოთავაზებული ისეთი პროდუქტით, როგორიც ანაბრით უზრუნველყოფილი სესხია. რათქმაუნდა სწორად მიხვდით, ანაბარი ბანკისთვის ფაქტობრივად გარანტიაა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ვერ შეძლებთ ვალდებულების შესრულებას, ბანკს გარანტიად თქვენი ანაბარი ექნება. იმ შემთხვევაში თუ სრულად შეასრულებთ ვალდებულებას, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, საშუალება გეძლევათ საკრედიტო რეიტინგის აწევის.

მორიგი საშუალება, რომ მიიღოთ სასურველი კრედიტი არასასურველი რეიტინგის პირობებში, შესაძლოა გახდეს უზრუნველყოფილი სესხი. ეს გულისხმობს სესხის ისეთ კატეგორიას, როდესაც გარანტიად წარადგენთ რაიმე სახის უძრავ ან მოძრავ ქონებას. ეს შეიძლება იყოს ავტომობილი ან ბინა, ზოგ შემთხვევაში საოჯახო ტექნიკაც. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ბანკმა უარი გითხრათ სესხის გაცემაზე საკრედიტო რეიტინგის გამო, თუ თქვენ მათ დამატებით შეთავაზებთ უზრუნველყოფის საგანს, შესაძლოა მიიღოთ თანხმობა რისკების მართვის ჯგუფისგან და სხვა წინა შემთხვევების შესაბამისად, მომავალში, სესხის სტაბილური და კეთილსინდისიერი დაფარვის შედეგად აიმაღლოთ რეიტინგი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძირითადად ყველაზე რეალური გზები ჩამოვთვალეთ საკრედიტო რეიტინგის გამოსასწორებლად, შესაძლოა არსებობდეს კიდევ მრავალი საშუალება. კრედიტორისთვის შესაძლოა ნდობის გნმსაზღვრელი თქვენი შემოსავლის ოდენობა და სტაბილურობა იყოს, ან სულაც თქვენ მიერ თვის ან წლის განმავლობაში გაწერული ხარჯები, რომლებსაც ელექტრონულად ახორციელებთ და ასე შემდეგ. თუმცა, ყველაზე მთავარი ალბათ მაინც ის არის, რომ როდესაც ფინანსურ ვალდებულებას ვიღებთ, დავფიქრდეთ რისკებზე, ჩვენ შესაძლებლობებზე და მხოლოდ ამის შემდეგ გადავდგათ ეს ნაბიჯი.