დღიური

რა უნდა იცოდეთ საკრედიტო ბარათების შესახებ

მსოფლიო საბანკო ინდუსტრიაში ბევრი სახეობის ელექტრონული ბარათი არსებობს. ყოველდღიურად მომხმარებელთა სულ უფრო დიდი ნაწილი სარგებლობს უნაღდო ანგარიშსწორების სისტემით. დარწმუნებული ვართ კარგად იცით ამ ტერმინის მნიშვნელობა, თუმცა მათთვის ვინც ჯერ კიდევ არ იცის ეს რას ნიშნავს, გეტყვით, რომ უნაღდო ანგარიშსწორება ნიშნავს სავაჭრო და სხვადასხვა ტიპის მომსახურების დაწესებულებებში თანხის ელექტრონული პლასტიკური ბარათით გადახდას.

საბანკო ბარათები, რომლებსაც ადამიანები იყენებენ მართლაც რომ მრავალფეროვანია. ის შეიძლება იყოს სადებეტო, საკრედიტო, დაგროვებადი, საბონუსე და ასე შემდეგ. გარდა სადებეტო ბარათებისა, ყველაზე ფართოდ გავრცელებული და გამოყენებადი, საკრედიტო ბარათებია.

ყველა საბანკო დაწესებულება თავის მომხმარებელს თავაზობს სხვადასხვა ტიპის საკრედიტო ბარათებს. იმისთვის, რომ ბანკმა საკრედიტო ბარათი შემოგთავაზოთ სულაც არ არის აუცილებელი ამ კონკრეტული ბანკის მომხმარებელი იყოთ. თქვენ შეიძლება ანგარიშიც კი არ გქონდეთ მათთან, თუმცა მიუხედავად ამისა, თქვენი მონაცემები აკმაყოფილებდეს ბანკის მოთხოვნებს და ისინი მაინც დაგიმზადებენ საკრედიტო ბარათს.
ბუნებრივია, არსებობს კითხვა რას წარმოადგენს საკრედიტო ბარათი, როგორ უნდა ისარგებლოთ ასეთი ბარათით და რა პლუსები და მინუსები აქვს მას.

საკრედიტო ბარათი თქვენი დამატებითი საფულეა გამოუვალ ფინანსურ სიტუაციაში. ეს უმეტესწილად ისეთ შემთხვევებს ეხება, როდესაც, მაგალითად, რაიმე სასურველი ნივთის შეძენა გსურთ, საკმარისი თანხა კი არ გაქვთ, ან გაუთვალისწინებელი ხარჯის გამო, გადასახადის გადასახდელად საკმარისი თანხა აღარ დაგრჩათ და ასე შემდეგ, ანუ იმ ტიპის დანახარჯისთვის, რომლის დასაფარადაც ნაღდი ფულით ანგარიშსწორება საჭირო არ არის.

ყველა საკრედიტო ბარათს თავისი ინდივიდუალური ლიმიტი გააჩნია, ეს არის ის თანხა, რომელიც საბანკო დაწესებულების მიერ იქნა განსაზღვრული ხელმისაწვდომად. იგი შეიძლება მერყეობდეს რამოდენიმე ასეულიდან რამოდენიმე ათასამდე და ათი ათასამდეც კი. ყველაფერი კლიენტის, ანუ თქვენ საბანკო ისტორიასა და არსებულ შემოსავალზეა დამოკიდებული.

ამასთანავე, ბანკების მარკეტინგული სამსახურები იკვლევენ და შესაბამისად ითვალისწინებენ მომხმარებელთა მოთხოვნებს და გვთავაზობენ კონკრეტულად რაიმე პროდუქტსა ან მიმართულებაზე გათვლილ ბარათებს. მაგალთად, საკრედიტო ბარათი მანდილოსნებისთვის, რომელიც სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში ვაჭრობისთვის არის განკუთვნილი, განვადების ბარათი, რომელიც საშუალებას გაძლევთ წინასწარ დამტკიცებული საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში შეიძინოთ რაიმე ნივთი ან ტექნიკა და შემდგომ ეტაპობრივად გადაიხადოთ მისი ღირებულება და სხვა მსგავსი ტიპის ბარათები.

მიუხედავად იმისა, რომ საკრედიტო ბარათები საუკეთესო დამხმარე საშუალება შეიძლება იყოს ჩვენთვის კონკრეტულ საჭირო სიტუაციაში, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს ჩვეულებრივი სესხია ბანკის მიერ თქვენზე გაცემული და მას გარკვეული სარგებელი შეიძლება დაერიცხოს. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ბანკი გთავაზობთ სრულიად უპროცენტოდ გამოიყენოთ თქვენთვის ლიმიტად დამტკიცებული თანხა იმ შემთხვევაში, თუ დანახარჯს გარკვეულ პერიოდში სრულად შეავსებთ. მაგალითად, თუ თქვენ ისარგებლებთ 100 ლარით საკრედიტო ბარათიდან და 30 დღის განმავლობაში შეავსებთ ამ დანახარჯს ბარათზე, თქვენ არანაირი საკომისიო თანხის გადახდა არ დაგჭირდებათ. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ თქვენ თვის განმავლობაში ვერ შეძლებთ ბარათის ლიმიტის შევსებას, ბანკი გამოსავალს გთავაზობთ მინიმალური შენატანის სახით, რომელიც სხვადასხვა ბარათისა და ბანკის შემთხვევაში გახარჯული თანხის სხვადასხვა პროცენტს შეიძლება შეადგენდეს. ამ ტიპის შენატანებით თქვენ საშუალება გაქვთ ნელ-ნელა დაფაროთ სესხად მიღებული თანხა, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ასეთი შენატანებისას უკვე სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდაც მოგიწევთ.

კიდევ ერთი ფაქტორი რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია საკრედიტო ბარათებით სარგებლობისას, გახლავთ თანხის განაღდება. მართალია ყველა ასეთი ტიპის ბარათის გამცემი ორგანიზაცია გირჩევთ, რომ თანხა მხოლოდ ელექტრონული გადახდებისთვის გამოიყენოთ, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ არ შეგიძლიათ თანხის განაღდებაც. თუ კონკრეტული ნაღდი ფული გჭირდებათ, გაითვალისწინეთ, რომ საკრედიტო ბარათებიდან თანხის განაღდებისათვის დაწესებული საკომისიო მოსაკრებელი საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, თუ თქვენ მაგალითად გჭირდებათ 100 ლარი, თანხის განაღდების საკომისიოს დამატების შემდეგ, შესაძლოა დასაბრუნებელი გქონდეთ 105 ან უფრო მეტი ლარი. ეს მაშინ, როდესაც სავაჭრო დაწესებულებებში ანგარიშსწორებისას თქვენ არანაირი საკომისიო არ გერიცხებათ და აბრუნებთ ზუსტად იმდენს, რამდენიც დახარჯეთ.