დღიური

თანხის ელექტრონულად გადახდის უპირატესობა ნაღდი ფულით გადახდასთან მიმართებით

თანამედროვე სამყაროში ელექტრონული მომსახურება სულ უფრო მეტად ანაცვლებს სხვადასხვა ტიპის მომსახურებებს. ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი ამ მხრივ საბანკო სექტორია, რომელმაც თითქმის სრულად მოახდინა თავისი მომსახურების ელექტრონიზირება. ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ბანკი ანაცვლებს ადამიანს სხვადასხვა ტიპის აპარატით, რომელიც იგივე მომსახურებას გაგიწევთ, რასაც ჩვეულებრივ ოპერატორები ასრულებდნენ წარსულში.

ჩვენი 20 საუკუნის ტექნოლოგიურ მიღწევებს შორის არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ ელქტრონული პლასტიკური ბარათები. დღეისათვის მრავალი სხვადასხვა ტიპის ბარათი არსებობს მომსახურების სფეროში, იქნება ეს საბანკო, დაგროვებითი, ფასდაკლების, შემნახველი, სამგზავრო და ასე შემდეგ. დამეთანხმებით, რომ მათ შორის ყველაზე გამოყენებადი დღეს საბანკო ბარათებია, რომლებმაც ჩვენი ცხოვრება გაცილებით მარტივი და კომფორტული გახადეს. დარწმუნებული ვარ თავადაც კარგად ხვდებით ამი მიზეზს, თუმცა ურიგო არ იქნება კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი მის პლუსებსა და მინუსებს.

მას შემდეგ, რაც მსოფლიოში პრობლემას აღარ წარმოადგენს ამა თუ იმ ქვეყნის საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული სადებეტო თუ საკრედიტო ბარათებით თანხის გადახდა, ადამიანები სულ უფრო ხშირად ანიჭებენ უპირატესობას თანხის არამატერიალური სახით ტარებას. მსოფლიო საბანკო სტანდარტმა ამის საშუალება ყველა ქვეყანას თანაბრად მიანიჭა და შესაბამისად არ აქვს მნიშვნელობა საქართველოში გაცემული პლასტიკური ბარათის მფლობელი იქნებით თუ რომელიმე აფრიკული, აზიური, ევროპული და სხვა კონტინენტის ქვეყნების, მთავარია თქვენ ანგარიშზე გქონდეთ დადებითი ნაშთი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციების თითქმის 99%-ში შეგიძლიათ ივაჭროთ ყველანაირი პრობლემის გარეშე.

თუ ადრე, 20-30 წლის წინ თქვენ სამოგზაუროდ წასვლისას გჭირდებოდათ თანხის საფულით ტარება, რაც დამეთანხმებით უცხო გარემოში საკმაო რისკთან არის დაკავშრებული, დღეს უკვე მხოლოდ ერთი ან რამოდენიმე ბარათიც საკმარისია ამისათვის. პირველ რიგში ელექტრონულმა გადახდის სისტემებმა შექმნა კომფორტი მომხმარებლებისთვის, ისევე როგორც ბევრად უფრო დაცული და უსაფრთხო გარემო.

გარდა ამისა, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ელექტრონული გადახდების მოქნილობა დროსა და სივრცეში. თუ მაგალითად, რამოდენიმე წლის წინ, იმისთვის რომ გადაგეხადათ კომუნალური გადასახადები, თქვენ გჭირდებოდათ სპეციალურ დაწესებულებაში ან გადახდის პუნქტში წასვლა მიუხედავად ამინდისა და ფიზიკური მდგომარეობისა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა, საჭირო თანხის წაღება, დღეს სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონულად შეგიძლიათ გადაიხადოთ ნებისმიერი კომუნალური თუ სხვა ტიპის გადასახადი და ამისთვის არანაირი დამატებითი ძალისხმევა არ დაგჭირდებათ გარდა მოქმედი საბანკო ანგარიშისა და შესაბამისი პლასტიკური ბარათისა.

როგორც უკვე ვთქვით, კიდევ ერთი საკმაოდ დიდი პლუსი ელექტრონული გადახდის სისტემისა არის მისი მოქნილობა სივრცეში. 10-15 წლის წინ, ბევრისთვის ალბათ წარმოუდგენელი იყო, რომ შესაძლებელი იქნებოდა ჩვენთვის სასურველი ნებისმიერი ნივთის ფაქტობრივად ნებისმიერ ქვეყანაში შეძენა ისე, რომ ამ ქვეყანაში გამგზავრებაც კი არ დაგვჭირდებოდა და სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის საშუალებით შევძლებდით შერჩევას, ელექტრონულად ღირებულების გადახდას და რამოდენიმე დღეში სახლში ამ ნივთის მიღებას.
თუმცა, მიუხედავად ელექტრონული გადახდების პლუსების უსასრულო რიგისა, არსებობს მინუსებიც, რაც ჯიბეში ნაღდი ფულის ქონას პრიორიტეტს ანიჭებს.

მაგალითად, ავიღოთ ისეთი სიტუაცია, როდესაც მეგობრებთან ერთად მთაში მიდიხართ დასასვენებლად, გარშემო კი არანაირი საბანკო დაწესებულება და ბანკომატი არ არის. სასტუმროებიც უმეტესი წილი საოჯახო ტიპისაა და არ აქვთ შესაბამისი მოწყობილობა ელექტრონულად თანხის გადახდისთვის. არც ასეთ მაღალმთიან ადგილებში არსებული სავაჭრო ობიექტებია აღჭურვილი თანამედროვე საშუალებებით. ამ დროს უპირატესობა სწორედ რომ ნაღდი ფულით გადახდას ენიჭება. რამდენი თანხაც არ უნდა გვქონდეს საბარათე ანგარიშზე, თუკი შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ იქნება ჩვენ გარშემო განვითარებული, ჩვენ ვერ შევძლებთ ამ ბარათით სარგებლობას. ან სულაც, მოულოდნელად დაგჭირდათ ქალაქში გადაადგილება ტაქსით. არც თუ ისე ბევრი ტაქსია დღეს აღჭურვილი საბარათე გადახდის სისტემით. ან სულაც, სიტუაცია, როდესაც გარკვეული მიზეზების გამო არ მუშაობს ინტერნეტი და შესაბამისი ქსელი რომ თანხა გადაიხადოთ, არ არის შუქი და ასე შემდეგ.

პლუსი და მინუსი ორივეს აქვს, თუმცა საბოლოოდ თქვენი გადასაწყვეტია, რომელს მიანიჭებთ უპირატესობას. გაითვალისწინეთ, რომ ბალანსი ყველაფერში საუკეთესო გამოსავალია.