დღიური

ვისესხოთ თუ არა თანხა ოჯახის წევრებისგან?

როდესაც ჩვენ ცხოვრებაში დგება ისეთი წუთები, როდესაც გამოუვალ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით და ჩვენი არსებული რესურსები წარმოქმნილ სიტუაციასთან გასამკლავებლად საკმარისი არ არის, ბუნებრივია ვიწყებთ ფიქრს სად და როგორ შევავსოთ ეს დანაკლისი.

დღევანდელ სამყაროში ბევრი გზა არსებობს დროებითი ფინანსური კრიზისის მოსაგვარებლად. ჩვენ საშუალება გვაქვს მივმართოთ ბანკს სესხისთვის, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომ ავიღოთ სწრაფი სესხი ხელფასამდე და ასე შემდეგ. შეგვიძლია დახმარება ვთხოვოთ ოჯახის წევრებს, ახლობლებს ან მეგობრებს. თუმცა, რამდენად გამართლებული და მიზანშეწონილია ოჯახის წევრებისთვის თანხის თხოვნა?

ძალიან დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ახლობლებისათვის ფულის თხოვნას რაიმე სახის კრედიტით სარგებლობას ამჯობინებენ. ეს ალბათ მეორე უკიდურესობაა იმ შემთხვევაში, თუკი დანამდვილებით ვიცით, რომ ჩვენი ოჯახის წევრს აქვს იმის საშუალება, რომ კრიზისულ სიტუაციაში დაგვეხმაროს. მაშინ რატომ იქცევიან ადამიანები ასე? ან რა პლუსები და მინუსები შეიძლება ქონდეს ოჯახის წევრისაგან ფულის სესხებას?

მოდით მივყვეთ თანმიმდევრობით. პირველ რიგში ადამიანების უმეტესობა ამჯობინებს დამოუკიდებლად მოაგვაროს წარმოქმნილი ფინანსური პრობლემა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ალბათ დამოუკიდებლობის შეგრძნებაა ახლობლებზე გაათმაგებულ ზრუნვასთან ერთად. ეს კატეგორია თითქოს ცდილობს ოჯახის წევრებს ააცილოს სანერვიულო იმის გამო, რომ გარკვეული მიზეზების შედეგად ის ფინანსური პრობლემების და დროებითი სირთულის წინაშე აღმოჩნდა. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც უბრალოდ არ სურთ ადამიანებს ჰქონდეთ ფინანსური ვალდებულება მეორე ადამიანის მიმართ, თუნდაც ეს საკუთარი ოჯახის წევრი იყოს.

სადავო საკითხია რამდენად სწორია ან არასწორი ასეთი მიდგომა. თუ გარკვეულ პლუსებს გავითვალისწინებთ, რაც ოჯახის წევრისაგან თანხის სესხებას შეიძლება ახლდეს თან, ყველა მიზეზ გარეშე ნათელი გახდება, რომ ეს საუკეთესო გამოსავალი შეიძლება იყოს პრობლემის მოსაგვარებლად. თუ ჩვენ ოჯახის წევრისგან მივიღებთ გარკვეულ თანხას, პირველ რიგში, ჩვენ არ დაგვჭირდება საკმაოდ დიდი პროცენტის გადახდა თანხის დაბრუნებისას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიკროსაფინანსო სწრაფი სესხის გამცემი კომპანიაც გვთავაზობს პირველ სესხს სრულიად უპროცენტოდ, ასეთი ტიპის ვალდებულება მაინც გაცილებით უფრო დიდი რისკის შემცველია. თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ თუ თქვენ დათქმულ ვადაში ვერ შეძლებთ თანხის დაბრუნებას, და დამატებით რამოდენიმე დღე კიდევ გჭირდებათ, ოჯახის წევრისათვის ამის ახსნა გაცილებით ადვილია და ამის გამო თქვენ არავინ დაგაკისრებთ დამატებით გადასახადს ან ჯარიმას, ხოლო საფინანსო ინსტიტუტებიდან ნასესხები თანხის დაბრუნება კი აუცილებლად დათქმულ ვადაში მოგიწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად გექნებათ დამატებითი ხარჯი პირგასამტეხლოს, თანხის დაფარვის საკომისიოს ან ჯარიმის სახით. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თუ ოჯახის წევრისგან ისესხეთ თანხა პასუხისმგებლობა ნაკლები გეკისრებათ, უბრალოდ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამოსავალი გაცილებთ ხელსაყრელი და ნაკლებად სანერვიულოა თქვენთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრებისგან ფულის სესხებას ბევრი პლუსი შეიძლება ქონდეს, არის მინუსებიც, რომლებიც ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავს ჩვენ ქმედებას. პირველ რიგში, ოჯახის წევრებისთვის ჩვენი პრობლემებისა თუ ქმედებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების სურვილის არქონაა. შესაძლოა თანხა ისეთი რამისთვის გვჭირდებოდე, რომ სულაც არ იყოს მიზანშეწონილი ახლობლების საქმის კურსში ჩაყენება და ამიტომ ალტერნატიული გზა მოვძებნოთ. ან სულაც, თავიდან ავარიდოთ უხერხული სიტუაცია იმ შემთხვევაში, თუკი მათ არ ექნებათ საშუალება რომ დაგვეხმარონ. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ შესაძლოა მიზეზი სულაც ის იყოს, რომ არ გვინდოდეს ფინანსური ვალდებულების ქონა ჩვენი ოჯახის წევრებთან. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ზრდასრული ადამიანების უმეტესობა დამოუკიდებლად ცხოვრებას ამჯობინებს და ურჩევნია თავად განკარგავდეს ყველა გადადგმულ ნაბიჯს და არ უწევდეს არავისთან, თუნდაც მცირე დოზით, ინფორმაციის გაზიარება.

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრებისგან ფულის სესხებას აქვს როგორც მინუსები, ასევე დამეთანხმებით გაცილებით მეტი პლუსი, ყველაფერი მაინც კონკრეტულ გარემოებასა და თქვენ პრიორიტეტებზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, არცერთი გადაწყვეტილება არ იქნება მცდარი. თუმცა, ნაბიჯის გადადგმამდე უმჯობესია ყველა სახის რისკისა და შესაძლებლობის აწონ-დაწონვა და მხოლოდ ამის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.